Accentnews.ge
კალაძე - PACE-ზე: შანტაჟით ესაუბრონ მათ, ვისთანაც გასვლიათ

კალაძე - PACE-ზე: შანტაჟით ესაუბრონ მათ, ვისთანაც გასვლიათ

29/01/2025 10:55:45 პოლიტიკა

ულტიმატუმებით და შანტაჟით ესაუბრონ მათ, ვისთანაც გასვლიათ, - თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისთვის“ ორი ვარიანტის შეთავაზებაზე.

„ჩვენ არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს. გვინდა მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა და ეს დამოკიდებულება და ასეთი განცხადებები, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის არც მეგობრობა და არც პარტნიორობა. ულტიმატუმებით და შანტაჟით ესაუბრონ მათ, ვისთანაც გასვლიათ“, - განაცხადა კალაძემ.

PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობს - საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების.

პირველი ვარიანტის თანახმად, მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ოფიციალური პირები: დაიწყებენ “ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო გარემოს” შექმნაზე მუშაობას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; გადადგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების აღსადგენად; დაასრულებენ პოლიციურ სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს; შეწყვეტენ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენებას და ბოლომდე პატივს სცემენ გამოხატვისა და შეკრების უფლებას. ამ ვარიანტში, ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს ამ პუნქტებზე საქართველოს პროგრესს და საშუალება ექნება საქართველოს დელეგაციის მანდატებს გადახედოს, მათ შორის შეაჩეროს კიდევაც.

მეორე ვარიანტში საქართველოს ოფიციალური პირებისადმი მოთხოვნები იგივე რჩება, ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვარიანტში არ მოხდება PACE-ში საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S