29-01-2025 16:25:10 ეკონომიკა
თბილისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლების ჯგუფი ეწვია საქართველოში მისიის ხელმძღვანელ ალეხანდრო ჰაიდენბერგის თაოსნობით.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 4 თებერვლამდე გასტანს, ფონდის წარმომადგენლები "ოცნების" გუნდთან და "სხვა საკვანძო დაინტერესებულ მხარეებთან" ქვეყნის მაკროეკონომიკურ პერსპექტივებსა და რისკებს განიხილავენ, ასევე "ოცნების" ეკონომიკურ გეგმებს გაეცნობიან.
ამასთან, ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ვიზიტი ქვეყანაში IMF-ის პროგრამის აღდგენის საკითხის განხილვას არ ითვალისწინებს და რომ ფონდი მსგავს შეხვედრებს ყოველწლიურად ატარებს წევრ სახელმწიფოებში, რათა მონიტორინგი გაუწიოს მათ ეკონომიკურ და ფინანსურ განვითარებას.
2023 წელს IMF-მა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა გადადო. მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა სესხის სახით 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. ტრანშის პირველი ნაწილი - 40 მილიონი უკვე ათვისებულია. ფორდმა პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რამაც ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე კითხვები გააჩინა.