
ზურაბიშვილი - საფრანგეთის პარლამენტს: ევროპის პასუხი საკმაოდ სუსტია
29/01/2025 14:46:36 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მიმართა.
"ვიტყოდი, რომ პირველი გამოწვევა, პირველი საკითხი დემოკრატიაა, რამდენადაც დღეს ჩვენ წინაშეა ერთპარტიული რეჟიმი, პარლამენტი კი არალეგიტიმურია და გაყალბებული არჩევნებით არჩეული", - უთხრა მან ეროვნულ ასამბლეას.
მისი თქმით, საქართველოში "ყველა ინსტიტუტი ერთი პარტიის ხელშია, ხოლო ეს პარტია ერთი კაცის, ბატონი ივანიშვილის ხელში, რომელიც თავად იღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას".
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა რუსეთის როლსა და ინტერესებზე საქართველოსა და რეგიონთან მიმართებით.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მიმართავს "ჰიბრიდულ სტრატეგიას საქართველოს, მოლდოვისა და რუმინეთის წინააღმდეგ", რაც, ზურაბიშვილის თქმით, მოიცავს არჩევნებში ჩარევის, პოპულიზმის, კორუფციისა და პროპაგანდის კომბინაციას.
ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ევროკავშირიც, თვლის რა რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ "ევროპის პასუხი საკმაოდ სუსტი იყო და გამოწვევის წინაშე დააყენა თავად ევროპა და მისი საგარეო პოლიტიკა".
ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირისგან "უფრო ნათელ პოლიტიკას ელის". მან ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის საბჭო იმისთვის, რომ მათ არ გამოხატეს მკაფიო პოზიცია აქციების დროს დაკავებულების, მათ შორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დისკუსია გაიმართა. მასში, სხვა დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.
"ვწუხვარ, რომ ევროპა ასეთი რბილია იმასთან მიმართებით, რაც საქართველოში ხდება", - დასძინა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.