29-01-2025 19:24:03 ევროპა
ევროპულმა კომისიამ რუსეთიდან და ბელარუსიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ტარიფების დაწესების შესახებ ოფიციალური წინადადება მიიღო.
ახალი ტარიფები გავრცელდება იმ აგროპროდუქტებზეც, რომელთა იმპორტიც 2023 წელს რუსეთიდან განხორციელდა, თუმცა ამ დრომდე დაწესებულ და გაზრდილ გადასახადებს არ ექვემდებარებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ევროპული პარლამენტი და ევროპული საბჭო კომისიის წინადადებას მიიღებენ, რუსეთიდან ყველა ტიპის აგრონომიული პროდუქტის იმპორტი ევროკავშირის ტარიფების ქვეშ მოექცევა.
როგორც ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ინიციატივის მიზანი რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა:
"ასეთი იმპორტი, განსაკუთრებით სასუქის, ევროკავშირს დაუცველს ხდის რუსეთის მხრიდან პოტენციური იძულებითი ფორმების მიმართ და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის EU-ს სასურსათო უსაფრთხოებას".
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტარიფების დაწესება ნეგატიურ გავლენას მოახდენს რუსეთში საექსპორტო შემოსავლებზე, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს უკრაინაში ომის გაგრძელების შესაძლებლობას. ამასთან, მიზნად სახელდება ადგილობრივი ინდუსტრიის და ფერმერების მხარდაჭერა.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რუსეთიდან აგროპროდუქტების ექსპორტი შეუფერხებლად განხორციელდება მესამე ქვეყნებში.
სანქციებისგან განსხვავებით, რომელთა დაწესებასაც ბლოკის წევრი 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება, იმპორტზე ტარიფების დაწესებისთვის მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობაა საკმარისი.