"ნახევრადმკვდარი წევს" - პატიმრის ოჯახი პასუხებს ითხოვს

29-01-2025 20:00:11 საზოგადოება

გლდანის ციხესთან ერთ-ერთი პატიმრის, იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და ადმინისტრაციისგან განმარტებები მოითხოვეს.

ირკვევა, რომ პატიმარი კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი, თუმცა დაზუსტებით უცნობია, რა უძღოდა აღნიშნულს წინ.

ოჯახი ეჭვობს, რომ ის ნაცემია და სწორედ ამ საკითხზე მოითხოვდნენ ადმინისტრაციისგან განმარტებებს.

"გუშინწინ მითხრეს, გუშინწინ მოაღწია ჩემთან, 7 დღე უპატრონოდ იყო" - ამბობს მამა.

"ნახევრადმკვდარი წევს: ქალაფუძის მოტეხილობა, ძლიერი ჰემატომა, ტვინის ანთება, გარსის ანთება და თირკმელი აქვს მარჯვენა გაჩერებული. აქ ვიდეოკამერები ექნებათ და უნდა გვაჩვენონ, რომ როგორ მოხდა და რანაირად მოხდა. პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს ვიღაცამ?" - ამბობს კიდევ ერთი ოჯახის წევრი.

სამედიცინო ცენტრი ვივამედის ქირურგი და კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე TV პირველთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ პაციენტი სუნთქვით აპარატზეა შეერთებული.

იოსებ გორგაძე წინასწარ პატიმრობაშია. მისი სასამართლო პროცესი 27 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა ოჯახს შეატყობინეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

ის 24 ოქტომბერს დააკავეს წალკის გზაზე მომხდარი ავარიის გამო.

სახალხო დამცველის აპარატმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვივამედში მოთავსებულ პაციენტთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

"29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა ვივამედში ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით, კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე, იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ ვივამედში მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.

სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.

გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას". - წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები