29-01-2025 20:20:09 საზოგადოება
დაცვის პოლიციას თანამშრომელი კახა მიხანაშვილი ამბობს, რომ დღეს სისტემაში 17-წლიანი კარიერა დაასრულა პოლიტიკური პოზიციის გამო.
"დღეს დაცვის პოლიციაში ჩემი 17-წლიანი კარიერა დავასრულე. ფორმაც კარიერის დასრულების ნიშნად შესაბამისად ლურსმანზე ჩამოვკიდე.
"ქართუ ბანკისა" და დაცვის პოლიციის მაღალჩინოსნებმა ჩემი თავისუფლება, ჩემი პოლიტიკური პოზიცია ვერ აიტანეს და იძულებული გამხადეს სამსახური დამეტოვებინა.
მე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს, როგორ სოციალურ ქსელში, ისე პირდაპირ არასდროს ვმალავდი, რაც როგორც "ქართუ" ბანკისთვის, ისე პოლიციისთვის სასტიკად მიუღებელი აღმოჩნდა.
"ქართუს" "მამებმა" ჩემი ბანკიდან წასვლა დაცვის პოლიციას მოსთხოვეს, მათ კი ბაკურიანში გადამიყვანეს, რაც სამსახურიდან გაშვების ტოლფასი იყო.
იმიტომ, რომ ყოველ მესამე დღეს ბაკურიანში დილიდან მეორე დილამდე უნდა ვყოფილიყავი, რაც ჩემი მიზერული ხელფასით შეუძლებელი იყო.
ცალკე გზის ფული, ცალკე კვების ფული, ცალკე ფიზიკური დატვირთვა ოჯახში ფაქტობრივად, ვერ ვიქნებოდი და ხელფასიდანაც კაპიკები დამრჩებოდა.
ვთხოვე უფროსს ბაკურიანში არ გადამიყვანოთ, ერთი კვირა მომეცით და ამავე სისტემაში მე თვითონ ვნახავ სამსახურს-მეთქი, მაგრამ უარი მივიღე.
მათ არ გაითვალისწინეს, რომ 98 წლის პაპა და პენსიონერი მამა მყავს სახლში, რომლებსაც ჩემი ყურადღება განსაკუთრებით სჭირდებათ.
ალბათ ყველაფერი "ზევით" იყო გადაწყვეტილი პოლიტიკური შეხედულებების გამო სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავი, რათა სხვა დაცვის პოლიციელს არ გაებედა აზრკრიმინალობა.თავს მივიჩნევ პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულად.
სისტემა ყარს! - რამდენიმე დღის წინ, სამსახურის ჩათიდანაც "დამბლოკეს" იმიტომ, რომ შსს-ს მინისტრის დაპირებული ხელფასის 10%-იანი ზრდა არ მოხდა და ეს გავაპროტესტე.
სამსახურის პენსიამდე სავალდებულო სამსახურის ჩათვლით, კიდევ 2 წელი მრჩებოდა და ესეც არ გაითვალისწინეს.
მშვიდობა გინდათ? არ იქნება სამართალი? - არ იქნება მშვიდობა! დაცვის პოლიცია, ისევ შევხვდებით სამართლიან საქართველოში!" - წერს ის სოციალურ ქსელში.