29-01-2025 21:43:31 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვრის კენჭისყრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ამასთან, დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნეს, და ამ საკითხს 2025 წლის აპრილში განსახილველად კვლავ დაუბრუნდებიან.
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
საპარლამენტო ასამბლეაზე, კენჭისყრაზე, „ქართული ოცნების“ წარდგენილი შესწორებები ჩავარდა.
“[PACE] საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა სასწრაფოდ პასუხი გაეცეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუცია ამბობს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, - მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა - ეწინააღმდეგება ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს. „ამიტომ კომიტეტს სურს მკაფიო გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან, შეცვალონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები“.
[PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს] დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა, რაც შეესაბამება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, და მონდომებით დააჩქარონ საჭირო რეფორმები;
[PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს] დაუყოვნებლივ დაასრულონ საპოლიციო სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევები, ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევები და დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან მათ წინააღმდეგ შურისძიების მიზნებისთვის სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება დაასრულონ, და სრულიად სცენ პატივი გამოხატვისა და შეკრების უფლებებს…
[PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს] გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე”, - ნათქვამია რეზოლუციაში.
ის უფლებები, რაც „ქართული ოცნების“ დელეგაციას შეეზღუდა, არის: უფლება, იყოს არაერთი კომიტეტის სრულუფლებიანი ან შემცვლელი წევრი. ეს კომიტეტებია: პოლიტიკური და დემოკრატიის კომიტეტი, მონიტორინგის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი და რეგლამენტის, იმუნიტეტებისა და ინსტიტუციურ საკითხთა კომიტეტი;არჩევნების სადამკვირვებლო კომისიის წევრის უფლება;მომხსენებლად დანიშვნის უფლება;უფლება, იყოს ასამბლეის პრეზიდენტობის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარეობის ან ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატი;უფლება, წარმოადგინოს ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით და უფლება, წარმოადგინოს ასამბლეა პერიოდულად (ბიუროს ან კომიტეტის გადაწყვეტილებით) ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე.