აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებით ეხმიანება

25-02-2020 10:35:47 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხმიანება და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. დიდმა ქართველმა მწერალმა, მიხეილ ჯავახიშვილმა აღწერა, როგორი იყო იმ დროებაში ცხოვრება. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მის სიტყვებს: „25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ”.

საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები