კობახიძე PACE-ის გადაწყვეტილებას „აბსურდულს“ უწოდებს

30-01-2025 09:06:50 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძემ "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის" (PACE) რეზოლუციას საქართველოს შესახებ „აბსურდული“ უწოდა.

"უსამართლობაზე უფრო მეტად იყო აბსურდული გადაწყვეტილება. ასეთი რამ გააკეთეს: დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც არჩევნების შედეგები აღიარეს და იქვე განაცხადეს, რომ თუ აპრილამდე არ ჩატარდება არჩევნები, გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება. რატომ? - იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში მძიმე ვითარებაა. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის: 29 იანვარს PACE–მ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მკაცრი დათქმებით და შეზღუდვებით ცნო „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

ასამბლეამ განაცხადა, რომ 2025 წლის აპრილში „ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავდა იმ შემთხვევაში თუ პროგრესი იქნება მიღწერულ არაერთ საკითხზე, მათ შორის:

ორგანიზდება ახალი, რეალურად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში;

გადაიდგმება ეფექტური ნაბიჯები, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი;

დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა;

გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი PACE-ის 2025 წლის აპრილის სესიამდე.

რეზოლუციის მიღებაზე პასუხად „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები