30-01-2025 09:44:47 პოლიტიკა
ლორდთა პალატის წევრი ლორდი დონ ტუიგი, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთს მხრიდან "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იქნება".
"ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინც ხელყოფს თავისუფლებას, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას. [...] ბატონ ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება. [...] აქ, PACE-ში დიდი დელეგაცია გვყავს, მეტწილად ახალი წევრებით დაკომპლექტებული, და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც აქ მოისმინეს, ისინი დაბრუნდებიან სახლში და მინისტრებსა თუ პარლამენტს ეტყვიან: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ბრიტანეთს იყენებენ სიმდიდრის მოსახვეჭად, სიმდიდრისა, რომელსაც შემდეგ თავიანთი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად იყენებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ – და არა უბრალოდ ჩამოვართვათ ეს ქონება, არამედ გამოვიყენოთ იგი", – განაცხადა მან "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
იგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს უბრალოდ ქონება კი არ უნდა ჩამოვართვან, არამედ ეს ჩამორთმეული ქონება უნდა გამოიყენეონ კიდეც.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ, ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ. [...] მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ – ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე: საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია – ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ“, - აცხადებს ლორდი ტუიგი.