
ყაველაშვილმა სანქცირებული გომელაური და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა
30/01/2025 10:09:14 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძისა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, შსს-ს სანქცირებული ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.
კობახიძემ ჯერ კიდევ 20 დეკემბერს, აშშ-ს მიერ გომელაურის მაგნიტსკის სიაში ჩასმის შემდეგ განაცხადა მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნისა და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად "ღირსების ორდენზე" წარდგენის შესახებ.
მან თქვა, რომ საუბარი იყო 11 პირზე: ვახტანგ გომელაურზე, შს მინისტრის პირველ მოადგილე შალვა ბედოიძეზე, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეზე, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზზე, შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძეზე, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თემურ კუპატაძეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძეზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილზე, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებზე - მილერი ლაგაზაურსა და მირზა კერზევაძეზე.
ნაწილი ჩამოთვლილ პირთაგან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან არიან სანქცირებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევისთვის.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არღარ დააყენებდა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მოლაპარაკების გახსნის საკითხს, მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიუხედავად დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე ძალადობის არაერთი ფაქტისა, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არც ერთი სამართალდამცველი და არც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მოძალადე. ამის პარალელურად, აქციებზე დააკავეს 500-ზე მეტი დემონსტრანტი, მათი უმეტესობა სასტიკად იყო ნაცემი, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული 50-ზე მეტი ადამიანი.