
კახა გოგოლაშვილი: “ოცნების“ გადაწყვეტილება, PACE–ში მუშაობის შეწყვეტის თაობაზე "ბუნდოვანია და შესაძლოა, უკანონოც"
30/01/2025 11:06:30 პოლიტიკა
"რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მუშაობის შეწყვეტის თაობაზე "ბუნდოვანია და შესაძლოა, უკანონოც".
„თეა წულუკიანის განცხადება არის ბუნდოვანი და შესაძლოა უკანონოც. რას ნიშნავს "გუნდის გადაწყვეტილებით, ვწყვეტთ მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან?" აქვს კი უფლება რაღაც "გუნდს" მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება? ანუ გააუქმოს 1999 წელს მაშინდელი პარლამენტის მიერ რატიფიცირებული გადაწყვეტილება ევროსაბჭოში გაწევრიანების შესახებ და, შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების უარყოფა? ანუ, რატიფიცირებული გადაწყვეტილების რაღაც გუნდის მიერ გაუქმება? ისე, რომ ყალბი, მაგრამ მაინც პარლამენტის საპირისპირო გადაწყვეტილება არ მიიღო? თან, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრებადო, მაგრამ PACE-სთან აღარ ვითანამშრომლებთო? ეს შესაძლებელია? ევროსაბჭო ხომ რეალურად PACE არის, დანარჩენი სამსახურები და ინსტიტუტები კი მის გადაწყვეტილებებს ემსახურება.
მახსენდება საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდი. ლიეტუვამ – პირველმა რესპუბლიკებს შორის გამოაცხადა კავშირიდან გასვლა. კომიკურმა პერსონაჟმა, პოლიტბიუროს წევრმა ნიშანოვმა მაშინ აღშფოთებულმა გამოაცხადა: "ლიეტუვა არასადაც არ გადის, საბჭოთა კავშირი საკოლმეურნეო ბაზარი არ არის, რომ როგორც გინდა, ისე გახვიდე-შემოხვიდეო".
მგონი, ამათ ევროპის საბჭო ჰგონიათ საკოლმეურნეო ბაზარი“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
ცნობისთვის: 29 იანვარს PACE–მ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მკაცრი დათქმებით და შეზღუდვებით ცნო „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება.
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ასამბლეამ განაცხადა, რომ 2025 წლის აპრილში „ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავდა იმ შემთხვევაში თუ პროგრესი იქნება მიღწერულ არაერთ საკითხზე, მათ შორის:
ორგანიზდება ახალი, რეალურად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში;
გადაიდგმება ეფექტური ნაბიჯები, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი;
დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა;
გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი PACE-ის 2025 წლის აპრილის სესიამდე.
რეზოლუციის მიღებაზე პასუხად „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.