„შავი ზღვის უსაფრთხოებას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, საქართველო კი ერთგული პარტნიორია“

25-02-2020 10:37:29 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

„მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა "The Washington Times"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს, რომლის სათაურია „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.

პრემიერის თქმით, საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატო-ს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატო-სა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას.

„ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ქართველები სამართლიანად ამაყობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. ჩვენი მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან ჩვენი კავშირის და ღრმა ფესვების დემონსტრირება პრაქტიკული მოქმედებებით, რომლებიც აათმაგებს ჩვენს სიმტკიცეს და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს. შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ნატოში ჩვენმა მეგობრებმა თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით“, - აცხადებს გახარია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები