
კობახიძე – ამაღლობელის საქმეზე: "თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისათვის"
30/01/2025 14:58:26 პოლიტიკა, საზოგადოება
"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე კომენტირებისას აცხადებს, რომ "თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისათვის". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ერევანში განუცხადა.
"თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისათვის", - თქვა კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან ასევე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც "საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას". კობახიძე მათ შორის ასახელებს "კონკრეტულ ჩინოვნიკებს, დიპლომატებს, რადიკალურ ოპოზიციას".
"როდესაც საუბარია მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ კონკრეტულმა დონორებმა. მზია ამაღლობელი არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. თითოეული მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები პირი მის ორგანიზაციებში არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც მზია ამაღლობელმა განახორციელა",- თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, "როდესაც ადამიანი პოლიციელს შეურაცხყოფს, იქ მაქსიმალურად მკაცრი ზომები უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული. პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი. ბუნებრივია, ის მიდგომა, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურები იყენებენ და ეს ასე უნდა გაგრძელდეს".
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-19 დღეა შიმშილობს.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არღარ დააყენებდა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მოლაპარაკების გახსნის საკითხს, მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიუხედავად დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე ძალადობის არაერთი ფაქტისა, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არც ერთი სამართალდამცველი და არც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მოძალადე. ამის პარალელურად, აქციებზე დააკავეს 500-ზე მეტი დემონსტრანტი, მათი უმეტესობა სასტიკად იყო ნაცემი, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული 50-ზე მეტი ადამიანი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.
"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.