31-01-2025 09:35:51 მსოფლიო
ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის რაიონში, მდინარე პოტომაკში ნაპოვნია სამგზავრო თვითმფრინავის ორივე საბორტო თვითჩამწერი, ე.წ. შავი ყუთები.
ეს ინფორმაცია ამერიკულ მედიასაშუალებებს შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოში დაუდასტურეს. „შავი ყუთების“ მონაცემების გაშიფვრა მნიშვნელოვანია კატასტროფის მიზეზის დასადგენად.
ტელეკომპანიები CBS და CNN სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სამძებრო ოპერაციისას უკვე ნაპოვნია, სულ მცირე, 40 დაღუპულის ცხედარი.
29 იანვარს, საღამოს რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა. 67-ვე ადამიანი დაღუპულად ითვლება.