ლორდი მაიკ ჯერმანი: "ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი"

31-01-2025 10:25:22 პოლიტიკა

ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრის, ლორდ მაიკ ჯერმანის განცხადებით, „ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი". ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.

„ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი. მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას, კერძოდ კი ევროპის მინისტრს გავუგზავნეთ და თავად მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ წერილი მიღებული აქვს. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მთავრობას მოუწევს, თავად გადაწყვიტოს, განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმავე კონტექსტში, როგორც ბელარუსის, რუსეთის ან უკრაინის ოლიგარქები. თუ მთავრობაში დაასკვნიან, რომ ის ნამდვილად ამ კატეგორიაში ჯდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსური აქტივები უბრალოდ გაიყინება – სხვა სიტყვებით, „მაცივარში შედებენ“ და ეტყვიან, რომ ამ ქონებას ვერ გამოიყენებს, სანამ საქართველოში დემოკრატიული ვითარება არ გამოსწორდება“, - განაცხადა მან.

მანამდე, ლორდთა პალატის წევრმა ლორდმა დონ ტუიგმა, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთს მხრიდან "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იქნება". იგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს უბრალოდ ქონება კი არ უნდა ჩამოვართვან, არამედ ეს ჩამორთმეული ქონება უნდა გამოიყენეონ კიდეც.

30 იანვარს "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ლორდი დონ ტუიგი გააკრიტიკა:

„რა არის ეს, თუ არა საბჭოური მიდგომა, როცა კაცი, ლორდთა პალატის წევრი, საუბრობს გაკულაკებაზე და ასეთ თემებზე, ეს არის სირცხვილი ევროპისთვის, თან ეს კაცი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ალბათ, ცნობილი ბრიტანელი, ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, როცა ასეთ რამეს ისმენენ ლორდთა პალატის წევრისგან".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები