31-01-2025 10:31:24 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა და ამ მიმართულებით ევროკავშირს და აშშ-ს ერთიანი ხედვა აქვთ.
„ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო და რუსეთს შეუძლია დაასრულოს ის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეწყვეტით და უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანით. ამიტომ, მათზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ“, - თქვა კალასმა „დოიჩე ველესთან“ და დასძინა, რომ ვაშინგტონსაც ესმის ეს გარემოება:
„პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინის მისამართით ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა. ასე რომ, ვფიქრობ, სიტუაციის მსგავსი ხედვა გვაქვს“.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ ვაშინგტონს, ისევე როგორც ბრიუსელს, სურს მდგრადი მშვიდობა უკრაინაში და არა დროებითი ზავი.
„ჩვენ გვჭირდება ზუსტად ისეთი მშვიდობა, რომელიც გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ს სამხედრო ინდუსტრიაში დებს. ასე რომ ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა სწორი სიგნალები გავაგზავნოთ“, - აღნიშნა კალასმა.