"ოცნებამ" და პუტინის პარტნიორმა ფიცომ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ძალისხმევა გააერთიანეს: სამიზნედ ამჯერად უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონი" იქცა

31-01-2025 16:01:07

რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის პარტნიორად ცნობილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ "ქართულ ლეგიონს" როგორც საქართველოში "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე, ისე სლოვაკეთში ფიცოს პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ადანაშაულებს, ამ ბრალდების საფუძვლად კი "არსებულ ინფორმაციას" ასახელებს.

"ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია, დავადასტურო, რომ ამ მიტინგების ორგანიზების უკან "ქართული ლეგიონი" დგას" - გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ეს არის გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილს წარმოადგენს" - განაცხადა ფიცომ, რომლის სიტყვებს რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

"ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა ეს სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ბრალდება მალევე უარყო და როგორც "ლეგიონის", ისე უკრაინული არმიის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობად შეაფასა.

"სლოვაკეთის პრემიერის ეს აბსურდული ბრალდება სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული მცდელობა, დისკრედიტირებულ იქნას ჩვენი ქვედანაყოფი, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინასთან ერთად 2014 წლიდან იბრძვის. საგულისხმოა, რომ ანალოგიური განცხადებებით გამოდიოდა "ქართული ოცნებაც". ახლა კი, როგორც ჩანს, სლოვაკეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაათამაშოს იგივე რუსული კარტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს ტაქტიკა კარგადაა ცნობილი და არაერთგზის გამოუყენებია კრემლს მათ წინააღმდეგ, ვინც მის გავლენას უწევს წინააღმდეგობას" - განაცხადა მამულაშვილმა გამოცემა "Denník N"-თან საუბრისას.

ამასობაში ფიცოს მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტარი ერიკ კალიაკი თბილისში "ოცნების" წარმომადგენლებს, მათ შორის სადავო ლეგიტიმაციის მქონე მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ შეხვედრაზე "საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ამასწინანდელი მცდელობაც" განიხილებოდა და რომ "როგორც საქართველოში, ისე სლოვაკეთში საპორტესტო აქციები არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით უცხოეთიდან ფინანსდება". ამ კონტექსტში ფიცოს მთავრობის ახალგაზრდა მრჩეველმა ასევე ახსენა უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონი", მისი ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი და საკუთარი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ბრალდების "მტკიცებულებად" გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მამულაშვილი სლოვაკეთში ანტისამთავრობო მიტინგების ერთ-ერთ ორგანიზატორთან - ინიციატივის "მშვიდობა უკრაინას" წარმომადგენელ ლუცია შტასელოვასთან ერთადაა გამოსახული.

თავად მამულაშვილმა გამოცემა "Denník N"-თან განაცხადა, რომ დროც კი არ აქვს, სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენებს ადევნოს თვალი და არც სლოვაკური ოპოზიციის წარმომადგენლებს იცნობს. შტასელოვამ კი, რომელსაც გამოცემა ასევე დაუკავშირდა, განმარტა, რომ ხსენებული ფოტო გადაღებულია ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბრატისლავაში, რეპორტიორ ტომაშ ფორროს იმ წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, რომლის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას სწორედ მამულაშვილი წარმოადგენს.

და მაინც, ამ კრემლისტური ცრუ ბრალდებების საფუძველზე მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში შესვლა აუკრძალეს, რის შესახებ ინფორმაციაც ქვეყნის შს მინისტრმა მატუშ შუტაი-ეშტოკმა გაავრცელა.

პარალელურად, 30 იანვარს ცნობილი გახდა სლოვაკეთის პოლიციის მიერ უკრაინის მოქალაქის დაკავებისა და შემდგომი დეპორტაციის მზადების შესახებ. ფიცოს პრორუსული მთავრობის მტკიცებით, ხსენებული პირი ეჭვმიტანილია სლოვაკეთში "სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში". საპასუხოდ სლოვაკეთის ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს და უკმაყოფილება გამოთქვეს კიევის მიმართ სლოვაკეთის ხელისუფლების პოლიტიკის გამო.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში დაძაბულობის ახალი ტალღა უკრაინის გავლით რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტას მოჰყვა. ფიცო ირწმუნება, რომ სლოვაკეთი ამის გამო დაკარგავს წელიწადში დაახლოებით 500 მლნ ევროს, რომელსაც მისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროკავშირის ქვეყნებისკენ შემდგომ გატარებაში იღებდა.

რუსული გაზის ტრანზიტის განახლებას მოითხოვს პუტინის კიდევ ერთი პარტნიორი - უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანიც, რომელიც ფიცოსთან ერთად "ქართული ოცნებისთვის" ევროპაში შემორჩენილი პარტნიორების ორეულს ქმნის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები