
პენიტენციური – მზია ამაღლობელზე: მიმდინარეობს უწყვეტი მონიტორინგი, მდგომარეობა სტაბილურია
31/01/2025 12:55:54 საზოგადოება
პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, „ბათუმელების" და „ნეტგაზეთის“ დირექტორის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.
ექიმი მზია ამაღლობელს მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა.
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება.
ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში.
მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აცხადებს ურთქმელიძე.
მალხაზ ურთქმელიძის კომენტარს პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
დღესვე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. მისი თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი.
ცნობისთვის: მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-20 დღეა, შიმშილობს.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არღარ დააყენებდა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მოლაპარაკების გახსნის საკითხს, მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიუხედავად დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე ძალადობის არაერთი ფაქტისა, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არც ერთი სამართალდამცველი და არც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მოძალადე. ამის პარალელურად, აქციებზე დააკავეს 500-ზე მეტი დემონსტრანტი, მათი უმეტესობა სასტიკად იყო ნაცემი, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული 50-ზე მეტი ადამიანი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.
"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.