31-01-2025 22:09:25 პოლიტიკა ,საზოგადოება
64–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.
თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - ამ სლოგანით თბილისში რამდენიმე მსვლელობა გაიმართა.
ონლაინგამოცემების - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში აღმაშენებლის გამზირიდან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან დაიწყო.
პარალელურად, მარშის მონაწილეები 'საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობიდან მსვლელობით დაიძრნენ. მანამდე, "პირველი არხის" წინ აქციის დროს სიტყვით გამოვიდნენ პროევროპული აქციის დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები.
"სინდისის პატიმრების" თავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობდა მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებოდნენ, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებდნენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.