Accentnews.ge
ცხინვალის რეჟიმი პერევის გზის ჩასაკეტად ემზადება?

ცხინვალის რეჟიმი პერევის გზის ჩასაკეტად ემზადება?

25/02/2020 08:25:25 კონფლიქტები

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა, სოფელ პერევთან ("სინაგურთან" - ოსური სახელწოდება - რედ.) არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ. რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი გააფრთხილეს.

დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ერთადერთი იმედია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას შეძლებენ.

რას უკავშირდება ეს სიახლე, უცნობია, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა ახალგორის დროებით დატოვება უკვე გადაიფიქრა იმის შიშით, რომ ერთადერთი დარჩენილი გზის ჩაკეტვის შემთხვევაში სახლებში ვეღარ დაბრუნდებიან.

ცნობისთვის: 2019 წლის 4 სექტემბერს საოკუპაციო ძალებმა ახალგორის რაიონთან არსებული მოსაბრუნის ("რაზდახანი" - ოსური სახელწოდება - რედ.) საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტეს. თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა დროული სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩა. "რაზდახანის" ჩაკეტვას ადამიანების სიცოცხლეც ემსხვერპლა. მოსახლეობა იძულებული გახდა, დროებით გაეწყვიტა კავშირები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ ოჯახის წევრებთანაც.

ახალგორის იზოლირების საკითხი დღესაც მოუგვარებელია. საოკუპაციო ძალებმა მიმდინარე წლის 24 იანვარს ე.წ. საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ იმ პენსიონერებს მისცეს, რომლებიც არ არიან ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთის მოქალაქეები და იღებენ საქართველოს მოქალაქის პენსიას. გადმოსვლის უფლება მისცეს ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობის მქონე მოქალაქეებსაც. დე ფაქტო მთავრობამ კი გაავრცელა განცხადება, რომ მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტი მომავალში ორ თვეში ერთხელ გაიხსნება და ისიც - მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პენსიის მქონე პენსიონერებისათვის.

ახალგორის იზოლაციის დაწყებიდან დღემდე ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთადერთ შვებას სოფელ პერევთან ("სინაგურთან") არსებული საკონტროლ-გამშვები პუნქტი წარმოადგენდა. გზის ჩაკეტვის შემდეგ პერევის გამშვები პუნქტით გადმოსვლა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელებისთვის შეძლეს. ასევე გადმოვიდნენ პაციენტები. აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლეს ადამიანებმა, რომელთაც ახლობლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰყავთ.

"მიუხედავად იმისა, რომ ახალგორიდან "სინაგურამდე" გზა არც ისე უსაფრთხოა და ფინანსური თვალსაზრისითაც არაა ყველასთვის ხელმისაწვდომი, მოსახლეობისთვის ამ გამშვები პუნქტის კვეთის შესაძლებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც აღნიშნულ გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით მიიღო; თვლის, რომ პერევის ("სინაგურის") გამშვები პუნქტის ჩაკეტვა მკვეთრად გააუარესებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უკიდურესად რთულ მდგომარეობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, საერთაშორისო-სამშვიდობო მიმართულებით არსებული ფორმატების ჩათვლით, რათა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ სიახლის შესახებ საქმის კურსში აღმოჩნდა ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილიც.

„ლენინგორში [ახალგორში] და წეროვანში ამბობენ, რომ „სინაგური“ თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში ჩაიკეტება და გარკვეული დროის განმავლობაში არ იმოქმედებს. როგორც გავიგე, მიზეზები პოლიტიკური არ არის და გამშვებ პუნქტს უამინდობის გამო კეტავენ. ვისაც ამ გამშვები პუნქტით უკვე უსარგებლია, ამბობენ, რომ გზაზე არსებობს საშიში, არაასფალტირებული მონაკვეთები და სულ რაღაც 2 კვირის წინ იქ 1 მეტრის სიმაღლის თოვლი იდო. ჩვენი დასახლებიდან ამ გზით ყოველდღიურად მინიმუმ, 4 ადამიანი სარგებლობს. ეს მძიმე გზაა, მის გასავლელად მთელი დღე ეხარჯებათ, მაშინ, როცა „რაზადახანით“ სარგებლობისას 20 წუთიც საკმარისია. ამ უკანასკნელის ჩაკეტვის შემდეგ ადამიანები იძულებულები იყვნენ, „სინაგურით“ ემგზავრათ, ახლა კი გამოდის, რომ გარკვეული ხნით საერთოდაც გზის გარეშე დარჩებიან. რაც შეეხება ვადებს, დანამდვილებით არავინ არაფერი იცის. ჩვენთან ეს ყველას აღელვებს, ყველა ამაზე საუბრობს“, – აცხადებს მეარაყიშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, მართალია, ამ სიახლემ ახალგორელები შეაშფოთა და მათ ეშინიათ, წასულები შლაგბაუმს იქით არ დარჩნენ, თუმცა თავად ამ გზას ყოველთვის ერთგვარ დაცინვად აღიქვამდნენ, რომელიც უნდა დასრულებულიყო:

„ჩვენ არ შევგუებივართ და არც ვაპირებთ, შევეგუოთ იმას, რომ „რაზდახანი“ ჩაკეტილია და „სინაგურით“ გვიწევს სიარული. როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოს ხელისუფლება მოდუნდნენ მას შემდეგ, რაც აქაურ პენსიონერებს პენსიის ასაღებად გასვლის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ჩვენ ამ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებთ. გუშინ პირველად მოვისმინე დედაჩემისგან, „ეს რა ცხოვრებაა? თუ ჩემს ქალიშვილს ვერ ვნახავ, თუ ჩემი შვილიშვილი ვერ ჩამოვა, მაშ რისთვის ვიცხოვრო აქ? - ამ კედლებს ვუყარაულოო?!“, – დასძენს მეარაყიშვილი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S