Accentnews.ge
"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი რეპრესიული გადაწყვეტილება მიიღო

"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი რეპრესიული გადაწყვეტილება მიიღო

01/02/2025 14:31:58 საზოგადოება

მას შემდეგ, რაც პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დაანონსდა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული გადაწყვეტილება მიიღო - „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალიზდა. კერძოდ, „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 31 იანვრის დადგენილებით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა.

„სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება“ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთ წლამდე, ასევე თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა კი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

„ქართულმა ოცნებამ გუშინ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება.

ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს:

ა) მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს;

ბ) პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა. ავტორიტარი ხელისუფლბის პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ,“ – წერს იურისტი გურო იმნაძე.

დღეს, 1 თემერვალს ამგვარი შეხსენებით გამოდის შსს:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ვრცელდება ინფორმაცია, 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართი შეკრება- მანიფესტაციის შესახებ.

გვსურს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაცნობოთ, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანხმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომებს.

აქვე, გვსურს, განვმარტოთ, რომ სტრატეგიული ანდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, ასევე, მაგისტრალებსა და დედაქალაქში შესასვლელ და გასასვლელ ცენტრალურ გზებს. კერძოდ - იმ ტერიტორიასაც სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S