01-02-2025 21:48:15 სამართალი
ჯგუფ „დაიტოვეს“ შემქმნელის, ნენსი ვოლანდის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები მისი სახლის ჩხრეკის დროს, აქტივისტის დედას ხელით შეეხნენ და ძირს დააგდეს.
"მადლობა მეგობრებო ყველას, მაპატიეთ რომ განერვიულეთ, უბრალოდ ჩემთვის ყველა ზღვარი გადალახეს მაშინ, როცა დედაჩემს შეეხნენ ხელით!
იქაც გითხარით და ახლაც ვამბობ, დადგება ის დრო, როცა ყველა დაისჯებით ამისთვის. ეს იყო მიზეზი, რომელმაც ჩამაგდო სრულ უსუსურობაში, როცა ვუყურებდი როგორ დააგდეს ძირს დედაჩემი!
ყველა, ყველა პასუხს აგებთ ამისთვის რაც დღეს მომიწყვეთ, ამაში ეჭვი არც ერთი წამით არ შეგეპაროთ, მე კი ბოლომდე ვიბრძოლებ, ვერაფრით ვერ გამაჩერებთ.
მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. წამართვეს უკვე მეორედ ტელეფონი და ყველანაირი ტექნიკა", - წერს სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდი, იგივე ქრისტინა ბოტკოველი სოციალურ ქსელში.
დღეს, 1-ელ თებერვალს პოლიციამ რამდენიმე აქტივისტის სახლი გაჩხრიკა. მათ შორის, ფეისბუქ ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლისა და ერთ-ერთი ლიდერის, ქრისტინე ბოტკოველის, იგივე ნენსი ვოლანდის.
როგორც ბოტკოველი ამბობს, დედა ვიდეოს იღებდა, რა დროსაც მასთან ერთ-ერთი პოლიციელი მივარდა და ტელეფონი ძალით წაართვა. ამის გამო აქტივისტი ცუდად გახდა. როგორც თავად ამბობს, აქვს პრე-დიაბეტი, განერვიულდა და დაეწყო პანიკური შეტევა. საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება.