02-02-2025 00:45:23 საზოგადოება
ოპერატორი, სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა პოლიციამ 1 თებერვალს დააკავა.
ადვოკატის თქმით, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას [პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა] ედავებიან.
ადვოკატმა დაცვის ქვეშ მყოფი სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.
“დაკავებულია კერძოდ, იმისთვის, რომ პოლიციის თანამშრომლებმა შეურაცხყოფად მიიჩნიეს მირიანის ნათქვამი ფრაზა: " არ ვენდობი სისტემას", - თქვა ადვოკატმა ვალერი თევდორაძე.
მისი ცნობით, მირიან ბერულავა გამოსაკითხად ფეისბუქსტატუსის გამო მიჰყავდათ, სავარაუდოდ, რა დროსაც, პოლიციას უთხრა, რომ სისტემას არ ენდობა და ამისთვის დააკავეს.
1 თებერვლის, საღამოს 7 საათისთვის, ბერულავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა, რომ მასთან პოლიცია მივიდა და გამოკითხვაზე გადაყვანას უპირებენ. ამის შემდეგ მასთან კომუნიკაცია ვერ შეძლეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა.
1 თებერვალს, პოლიცია ასევე შესული იყო ჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებლების ნენსი ვოლანდის და ილია ღლონტის ბინებში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ასევე ისაკო დევიძის სახლში, რის შემდეგაც ის, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ვრცელდებოდა ცნობები ცალკეული პირების დაკავების შესახებაც.
შსს-ში აცხადებენ, რომ თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
2 თებერვალს, 16:00 საათისთვის "თბილისი მოლთან" აქციაა დაგეგმილი. ინიციატორები გზის რამდენიმე საათით გადაკეტვას გეგმავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს 2 თებერვალს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს, რომ “თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში" და სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლების რისკისკენ მიუთითებს.
"არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს სრული პანიკა აქვთ. მოქალაქეთა დაშინების მიზნით ავრცელებენ ინფორმაციას დასაკავებელთა სიების შესახებ, სახლებში უვარდებიან და აკავებენ აქტივისტებს, ადგილზე ამონტაჟებენ კამერებს, ცდილობენ შეკრების ადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. ჩვენი უკომპრომისო ბრძოლით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ დაშინებია მცდელობები მხოლოდ გვაძლიერებს. ეს შეკრებაც იქნება მკაფიო მესიჯი რეჟიმისთვის, რომ მზად ვართ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიყვანოთ პროტესტი!", - ვკითხულობთ აქციის ინიციატორთა განცხადებაში.