Accentnews.ge
"პუბლიკა" პაპუაშვილის "პოსტს", რომელშიც იგი გამოცემას დანაშაულის "რეკლამირებაში" ადანაშაულებს, "მუქარად" აღიქვამს

"პუბლიკა" პაპუაშვილის "პოსტს", რომელშიც იგი გამოცემას დანაშაულის "რეკლამირებაში" ადანაშაულებს, "მუქარად" აღიქვამს

02/02/2025 07:22:29 პოლიტიკა, საზოგადოება

"პუბლიკა" "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის "პოსტს", რომელშიც იგი გამოცემას დანაშაულის "რეკლამირებაში" ადანაშაულებს, "მუქარად" აღიქვამს.

  • „პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ" დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე. შალვა პაპუაშვილი ცდილობს, ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად”, - ნათქვამია „პუბლიკას“ განცხადებაში.

მანამდე, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "პუბლიკა" "რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულს“.

  • „ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა, ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია, "პუბლიკა" რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს“, – დაწერა მან.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" აცხადებს, რომ "გმობს შალვა პაპუაშვილის მუქარას".

ქარტია პაპუაშვილის "პოსტს" "დამოუკიდებელი მედიის მიმართ სიძულვილის გაღვივებად" მიიჩნევს.

"მედიის პასუხისმგებლობის დაყენება მოვლენის გაშუქების გამო მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეშ მცდელობას წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილმა თავისი "პოსტით" მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მიმართ. ამას ადასტურებს კომენტარები მისი "პოსტის" ქვეშ და ისიც, რომ თავად მედიასაშუალებამ შალვა პაპუაშვილის "პოსტი" თავდასხმად და მუქარად აღიქვა", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის: 67–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობდა მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც, მათ შორის "პუბლიკას" ჟურნალისტები არაერთხელ გამხდარან ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნეები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს – ჟურნალისტების ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებოდნენ, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებდნენ პიროტექნიკას, დაშავდნენ პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S