
"თბილისი მოლთან" მყოფი ჯაფარიძე: ბატალიონიც რომ დააყენონ, მაგას შინაარსი არ აქვს, ეს პროტესტი გაგრძლედებამანამ, ვიდრე არ მოვიგებთ
02/02/2025 11:50:23 პოლიტიკა, საზოგადოება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ამ წუთებში „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად მყოფება, აცხადებს, რომ "პროტესტი გაგრძლედება მანამ, ვიდრე არ გაიმარჯვებენ".
"სანამ არ გავიმარჯვებთ, მანამ ეს ხალხი პროტესტს განაგრძობს და ამას არ გააჩერებს არაფერი, რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონიც რომ დააყენონ, მაგას შინაარსი არ აქვს. მიხვდებიან რაღაც მომენტში, რომ შეუძლებელია ამ ხალხის გაჩერება. არ მოქმედებს არაფერი – არც დაჭერები, არც ჩადებები, არც მუქარები. არაფერი არ მოქმედებს ამ ხალხზე, რადგან მათ ესმით, რომ დასაკარგი აქვთ ყველაფერი – ან მოიგებენ და გააგრძელებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებას, ან ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. ამიტომ ეს პროტესტი ყველა შემთხვევაში გაგრძელდება. არავინ არ დაიღლება და ეს პროტესტი გაგრძლედება მანამ, სანამ არ მოვიგებთ", – განაცხადა მან "ტვ პირველის" ეთერში.
„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
დემონსტრანტები გეგმავენ, რომ მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლონ, სადაც აქციებს 2 თვეზე მეტია მართავენ.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა. პოლიცია საავტომობილო გზის პერიმეტრზეა განლაგებული.
მანამდე, შსს–მ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.
აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად", - ნათქვამია შსს-ს 2 თებერვალს, 14:03 სთ–ზე გავრცელებულ განცხადებაში.