
„თბილისი მოლთან“ დემონსტრანტების შეკრების პარალელურად, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს
02/02/2025 12:09:19 საზოგადოება
„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
დემონსტრანტები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა, მათ გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს კორდონი გააკეთეს.
ასევე სამართალდამცველები, მათ შორის განსაკუთრებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან განლაგებული თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარედ, საიდანაც სტუდენტების მსვლელობა არის დაგეგმილი "თბილისი მოლის" მიმართულებით.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლონ, სადაც აქციები 2 თვეზე მეტია, მიმდინარეობს.
მანამდე, შსს–მ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.
აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად", - ნათქვამია შსს-ს 2 თებერვალს, 14:03 სთ–ზე გავრცელებულ განცხადებაში.