Accentnews.ge
საია:  ამ დრომდე უცნობია პროტესტის მონაწილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მე-18 დღეა, შიმშილობს

საია: ამ დრომდე უცნობია პროტესტის მონაწილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მე-18 დღეა, შიმშილობს

03/02/2025 07:08:29 საზოგადოება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ამ დრომდე უცნობია პროტესტის მონაწილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მე-18 დღეა, შიმშილობს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საია შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისა და დროებითი განთავსების ცენტრისგან შესაძლო გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ითხოვს სამედიცინო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გადმოცემას, დაკავებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად მუდმივი მონიტორინგის და მკურნალობის განხორციელებას.

„თემურ ქათამაძეს, რომელიც წლებია, საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს, ქვეყნიდან გაძევება ემუქრება. იგი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული და მე-18 დღეა, შიმშილობს. მთელი ეს პერიოდი, ის მხოლოდ წყალს იღებს. თემურ ქათამაძე სამტრედიის და თბილისის საქალაქო/რაიონული სასამართლოების ბრძანების საფუძველზეა დაკავებული.

თემურ ქათამაძის შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც განთავსების ცენტრი, ისე, სახალხო დამცველის აპარატი. მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მოშიმშილე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი შიმშილობის მართვის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით.

ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საია-ს ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და დროებითი განთავსების ცენტრისგან შესაძლო გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გადმოცემას, დაკავებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად მუდმივი მონიტორინგის და მკურნალობის განხორციელებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თემურ ქათამაძის სააპელაციო საჩივარს, მიმდინარე წლის 3 თებერვალს, 14:00 საათზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო 7 თებერვალს, 15:00 საათზე განიხილავს, რომლებითაც გასაჩივრებულია აღნიშნული პირის დაკავება და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება", - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე გაფფარ ილმაზი, იგივე თემურ ქათამაძე თურქეთის მოქალაქეა. იგი ბოლო წლებია, საქართველოში ცხოვრობს და სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს, რაზეც უარს იღებს. მას დროებითი ბინადრობის უფლება ჰქონდა, რასაც ვადა ამოეწურა, სწორედ ამის მიზეზით მოათავსა პოლიციამ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S