
ექიმი: ინგოროყვას კლინიკაში იზოლატორიდან შემოყვანილი 5 დემონსტრანტიდან ოთხს ტვინის შერყევა აქვს, მათ ძირითადად სახის და თავის ტრავმა აღენიშნებოდათ
03/02/2025 08:51:31 საზოგადოება
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ გუშინ იზოლატორიდან 5 დემონსტრანტი მიიღეს, რომელთაც ძირითადად სახის და თავის ტრავმა აღენიშნებოდათ.
„გუშინ, საღამოს დაახლოებით, 22:00 საათზე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 5 დაშავებული შემოიყვანეს. აქედან 4 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა პაციენტმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, სხვა კლინიკაში გადავიდა. ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ოთხივე პაციენტი“, - აღნიშნა ექიმმა.
ამასთან, როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთ დაშავებულთან გამოხატულია თვალბუდის დაზიანება, თუმცა ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს.
ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილ დემონსტრანტებზე ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა.
"2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელთან გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან ხუთ ადამიანს დაკავების შემდეგ ცემის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა",- იტყობინებოდა "რადიო თავისუფლება". მისივე ცნობით, სხვადასხვა დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში კლინიკაში გადაყვანილები იყვნენ: ზურაბ შონია, ლევან ობოლაძე, გედევან კუპრაძე, ლევან ასანიძე და გურამ კაპანაძე.
ცნობისთვის: პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა. შსს–ს ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
პოლიციამ დემონსტრანტებზე ფიზიკურად იძალადა და აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება, გადაეკეტათ საავტომობილო გზა.
აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ 31 იანვარს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. აქციის დაწყებამდე შსს-მ გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.