
SJC: საპოლიციო რეპრესია იზრდება: ვითხოვთ შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას
03/02/2025 09:34:20 საზოგადოება
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" (SJC) განცხადებით, საპოლიციო რეპრესია იზრდება.
ორგანიზაცია შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
"2025 წლის 2 თებერვალს “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსებული აქციის დროს, საპოლიციო ძალებმა პროტესტის მონაწილეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების საშუალება არ მისცეს, გაურკვეველი გარემოებების საფუძველზე დააკავეს რამდენიმე მათგანი, მათ შორის, პოლიტიკოსები და იძალადეს მათზე.
16:00 საათზე მოქალაქეებმა “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს შეკრება, სადაც საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. 17:00-დან, მათ მარშით შეუერთდა სტუდენტების აქცია, რომელიც პროტესტის ძირითადი ლოკაციისკენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაიძრა. მედიისა და აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი ჯგუფის გაერთიანების შემდეგ, აქციის მონაწილეები მარშით ჯერ საქალაქო სასამართლოს, ხოლო შემდეგ რუსთაველის მოედნის მიმართულებით აპირებდნენ გადაადგილებას.
ადგილზე ვითარება დაახლოებით 17:30-დან დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მარშით გადაადგილება დაიწყეს “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიისა და ზაჰესის დამაკავშირებელი გზით, საქალაქო სასამართლოს მიმართულებით. დემონსტრანტთა ნაწილმა, მოახერხა გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეს გადასვლა, რის შედეგადაც, აღმაშენებლის ხეივანი რამდენიმე წუთით სრულად ჩაიკეტა პოლიციის კორდონის მიერ. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეთა დიდ ნაწილს პოლიციამ შეუზღუდა როგორც შეკრების, ასევე გადაადგილების თავისუფლება და “თბილისი მოლის” ტერიტორიაზე კორდონში მოაქცია. პოლიციელები პერიოდულად აკავებდნენ მოქალაქეებს, მათ შორის, დააკავეს გიგი უგულავა და ნიკა მელია. ამ დრომდე უცნობია მათი დაკავების ზუსტი საფუძვლები. დაკავების პარალელურად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები:
რამდენიმე შემთხვევაში, მასალებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება აქციის მონაწილეებს ძალოვანთა ჯგუფები. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ასახულია როგორ ურტყამს რამდენიმე პოლიციელი წრეში მოქცეულ ადამიანს თავის არეში
აქციის მიმდინარეობისას, ხეივანზე მიმავალი მანქანები სოლიდარობას მანქანის სიგნალით გამოხატავდნენ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში, ჩანს, რომ პოლიციამ მანქანა ალყაში მოაქცია და მის დაზიანებას, ასევე, მძღოლის მანქანიდან გადმოყვანას შეეცადა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ 5 დაკავებულ აქტივისტს მიღებული დაზიანებებისგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა ტვ “პირველის” ოპერატორიც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ის ერთ-ერთი მოქალაქის დაკავების კადრებს იღებდა, როდესაც პოლიციამ ჭყლეტაში მოაყოლა.
ძალოვანი უწყებების გუშინდელმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დემონსტრაციების დროს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტება და აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი ანგარიშსწორება უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა. გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან და მოქალაქეების დასჯის და მათზე შურისძიების განზრახვით იყო მოტივირებული. გარდა ამისა, განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ პოლიციელები მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას პოლიტიკური თუ სხვაგვარი კუთვნილების გამო. სამართალდამცავი უწყებების ამგვარი იდეოლოგიზება უხეშად არღვევს პოლიციის ნეიტრალიტეტის პრინციპს[1] და ქმნის სახიფათო ნიადაგს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის.
ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი, რომ ნიღბიანი ძალოვნები, რომლებიც იდენტიფიცირებადიც არ არიან, რაც, თავის მხრივ, ადამიანის უფლებების სტანდარტების უხეში დარღვევაა, დაუსჯელობის სრული გარანტიით სარგებლობენ. ამ დრომდე, არავინ დასჯილა 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ასობით ფაქტების გამო. უფრო მეტიც, ამ დრომდე არ არის ცნობილი ინფორმაცია რომელიმე მოძალადე სპეცრაზმელის იდენტიფიცირების შესახებ და უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ დაგეგმილ აქციამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს არ შეკრებილიყვნენ თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან მათი განცხადებით, ამ ტერიტორიაზე გზის გადაკეტვა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ცვლილება, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები სტრატეგიულ ობიექტად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში[2] ნაჩქარევად, ზუსტად აქციამდე 2 დღით ადრე, 31 იანვარს, მას შემდეგ შევიდა, რაც აქცია უკვე დაანონსებული იყო. ხელისუფლების მიერ გზის გადაკეტვის ამ ფორმით კრიმინალიზება არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს საბაზისო პრინციპს, არ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს. ამასთან, გზის გადაკეტვის ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც არ ითვალისწინებს შეკრების მონაწილეების რაოდენობას და დემონსტრაციის თანმხლებ გარემოებებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლების სტანდარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს
საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
- დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე და გამოკვეთონ ხელმძღვანელი პირების, მათ შორის ზვიად ხარაზიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- გააკეთოს განცხადება დემონსტრანტების დაკავების საფუძვლების შესახებ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის: პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა. შსს–ს ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
პოლიციამ დემონსტრანტებზე ფიზიკურად იძალადა და აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება, გადაეკეტათ საავტომობილო გზა.
აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ 31 იანვარს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. აქციის დაწყებამდე შსს-მ გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.