Accentnews.ge
იზოლატორიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი დემონსტრანტი: "დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე სხვა ხელებში გადავედი 2–ის ნაცვლად 4 მირტყამდა"

იზოლატორიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი დემონსტრანტი: "დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე სხვა ხელებში გადავედი 2–ის ნაცვლად 4 მირტყამდა"

03/02/2025 10:04:15 საზოგადოება

2 თებერვალს "თბილისი მოლთან" დაკავებული გედევან კუპრავა, რომელიც იზოლატორიდან ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მის დაკავებას იხსენებს.

"დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე ცოტა მიმათრევდნენ და ძალადობდნენ, მერე სხვა ხელებში გადავედი აშკარად და მერე 4 იყვნენ 2-ის მაგივრად და გზაში სანამ მივყავდით, ეს 4 პირი სახეში მუშტებს მირტყამდა. მოწოდება და რაღაც სურვილის გამოთქმაც არ იყო, უბრალოდ გაგინებენ და გირტყამენ. ყველა ნიღბიანი იყო, ვერანაირი ნიშანი ვერ ვნახე ისეთი, რითაც შეიძლება ვიღაცები ამოიცნო.

ჩემი მხრიდან არც გინება ყოფილა, არც რამის სროლა, საერთოდ არაფერი. ვთხოვდი, რომ ცოტა ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან ქალები და გოგოები იყვნენ ირგვლივ. ეს იყო ჩემი დაკავების მაპროვოცირებელი, მეტი არაფერი. თავიდან წამიყვანეს ვარკეთილში განყოფილებაში, დამეწყო თავბრუსხვევები და გულისრევის შეგრძნებები, რაზეც იეჭვეს, რომ ტვინის შერყევა არ ჰქონდესო და გადამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ დავეტოვებინე“, – აცხადებს გედევან კუპრავა "ტვ პირველთან" საუბრისას.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ გუშინ იზოლატორიდან 5 დემონსტრანტი მიიღეს, რომელთაც ძირითადად სახის და თავის ტრავმა აღენიშნებოდათ.

„გუშინ, საღამოს დაახლოებით, 22:00 საათზე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 5 დაშავებული შემოიყვანეს. აქედან 4 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა პაციენტმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, სხვა კლინიკაში გადავიდა. ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ოთხივე პაციენტი“, - აღნიშნა ექიმმა.

ამასთან, როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთ დაშავებულთან გამოხატულია თვალბუდის დაზიანება, თუმცა ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს.

ცნობისთვის: პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა. შსს–ს ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

პოლიციამ დემონსტრანტებზე ფიზიკურად იძალადა და აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება, გადაეკეტათ საავტომობილო გზა.

აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ 31 იანვარს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. აქციის დაწყებამდე შსს-მ გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.

მთავარი ფოტო: "ტვ პირველი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S