Accentnews.ge
„ოცნება" ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მორიგ რეპრესიულ ცვლილებებს აანონსებს

„ოცნება" ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მორიგ რეპრესიულ ცვლილებებს აანონსებს

03/02/2025 11:25:19 პოლიტიკა, სამართალი

„ქართული ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი საქართველოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მორიგ რეპრესიულ ცვლილებებს აანონსებს.

კერძოდ, "ოცნების" წარმომადგენელი მამუკა მდინარაძის განცხადებით, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

"ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.

დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავს მოხვეული ნორმები, სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების და გამართულად აუცილებელი ნორმების მიღებით.

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები, პირველ რიგში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის, მაგალითად:

  • მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება;
  • წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე.
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.

სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდო ლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ:

  • ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებით ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით.
  • იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის, ეს გადავა მძიმე დანაშაულების კატეგორიაში, 5 წლიდან 6 წლამდე.
  • ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ანუ, ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე შედარებით მკაცრი სანქცია იქნება, როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე.
  • სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. სისხლის სამართლის წესით დაისჯება და ეს ახალი ნორმა იქნება, პოლიტიკური თანამდებობის პირზე სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც. ასევე, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სახელით ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ათეულობთ საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა აკრძალა.

უკვე 68-ე დღეა, საქართველოში არ წყდება.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობდა მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებოდნენ, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებდნენ პიროტექნიკას, დაშავდნენ პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S