„გადმომცა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა, არა უბრალოდ „აბაროტების დაწევა“

25-02-2020 14:06:42 სამართალი

დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებით, დაკავებამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მას პოლიტიკიდან წასვლა მოსთხოვა.

„გადმომცა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა, არა უბრალოდ "აბაროტების დაწევა“, – განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა "რეაქციაში" სატელეფონო ჩართვისას.

ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ევროკავშირმა, რიგმა ევროპარლამენტარებმა, საელჩოებმა და სხვადსხვა ქვეყნის საგარეო უწყებებმა "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები