
სახალხო დამცველის აპარატი 2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ სამართალდამცველთა ქცევის შედეგს "საგანგაშოდ" აფასებს
03/02/2025 12:51:50 პოლიტიკა, სამართალი
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, "საგანგაშოა", რომ 2 თებერვლის საპროტესტო აქციებზე თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებს.
ცნობისთვის: შსს-მ 2 თებერვალს თბილისში სულ 31 მოქალაქის დაკავება აღიარა.
"9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად - სახის არეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები - გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა" - წერს სახალხო დამცველის აპარატი.