
"ოცნების" მთავრობა 1 აპრილიდან სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს აუქმებს
03/02/2025 14:19:56 პოლიტიკა
"ოცნების" მთავრობა 1 აპრილიდან სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს აუქმებს. ხსენებული ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს.
"ოცნების" მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება "მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით" იქნა მიღებული. თუმცა საგულისხმოა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ჩათვლით - ეს ფუნქციები ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა.
"მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ" - ნათქვამია "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
"ოცნების" მთავრობის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხსენებული ბიუროს თანამშრომელთა ნაწილის საჯარო საპროტესტო განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ემიჯნებიან ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე.