
ომბუდსმენი: უამრავი მოქალაქე გვყავს დაზიანებული, მაგრამ არც ერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში
03/02/2025 14:19:20 საზოგადოება
უამრავი მოქალაქე გვყავს დაზიანებული, მაგრამ არც ერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში, – ამის შესადებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ აქციის მონაწილეთა მონახულების შემდეგ.
მისი თქმით, 25 დაკავებულიდან 22 ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს.
სახალხო დამცველის შეფასებით, "პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ჩვეულ მოვლენად იქცა".
"სამწუხაროდ, ისევე, როგორც წინა აქციების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ჩვეულ მოვლენად იქცა და ის ფაქტი, რომ 25 დაკავებულიდან 22 ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს, საგანგაშო სტატისტიკაა. ამასთან, ყურადსაღებია, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული სავარაუდო დანაშაული, უნდა იყვნენ მიცემული პასუხისგებაში. დღემდე უამრავი მოქალაქე გვყავს დაზიანებული, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული თავისი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში. ამ საკითხზე უნდა გასცეს პასუხი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა“, - განაცხადა მან.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, გუშინ და დღეს - 2 და 3 თებერვალს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირი მოინახულეს. მათგან 22 სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდა:
„სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2 და 3 თებერვლის განმავლობაში, თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირი მოინახულეს. ასევე, რწმუნებულმა კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკოლოზ კოკაია.
- საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი, მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
- დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები - გულის გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა.
- დაკავებულთა გადმოცემით, სამწუხაროდ, მათი დაკავება ხდებოდა განურჩევლად, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგიერთი დაკავებულის თქმით, გზის სავალ ნაწილზე არც იმყოფებოდა და ისინი ტროტუარზე დააკავეს.
სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობისა და სხვა სამართალდარღვევის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და გააგრძელებს შემდგომ მონიტორინგს მიმდინარე სამართალწარმოებაზე".