Accentnews.ge
„ოცნებამ“ PACE-დან დელეგაციის წევრები გამოიწვია

„ოცნებამ“ PACE-დან დელეგაციის წევრები გამოიწვია

03/02/2025 14:50:59 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ.

როგორც სხდომაზე "ოცნების" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, „წევრების გამოწვევის მიუხედავად, დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის სახელით „ხალხის ძალას“ ეკავა. დელეგაციის წევრები იყვნენ: თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ეკა სეფაშვილი, ასევე სათადარიგო კვოტით: ლევან მაჭავარიანი, რატი იონათამიშვილი და ზვიად შალამბერიძე.

"მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეა თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს დაუბრუნდეს, რაც დემოკრატიის და ხალხის ნების პატივისცემაზეა დამყარებული. თუკი ერთმანეთის სუვერენიტეტს და არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას პატივი არ ვეცით, მაშინ რთულია ვისაუბროთ საერთაშორისო თანამშრომლობის იმ პრინციპებზე, რომელზეც თანამედროვე სამყაროა დამყარებული", - განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე.

ცნობისთვის: 29 იანვარს PACE–მ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მკაცრი დათქმებით და შეზღუდვებით ცნო „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

ასამბლეამ განაცხადა, რომ 2025 წლის აპრილში „ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავდა იმ შემთხვევაში თუ პროგრესი იქნება მიღწერულ არაერთ საკითხზე, მათ შორის:

ორგანიზდება ახალი, რეალურად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში;

გადაიდგმება ეფექტური ნაბიჯები, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი;

დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა;

გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი PACE-ის 2025 წლის აპრილის სესიამდე.

რეზოლუციის მიღებაზე პასუხად „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S