
პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიწვევს 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით
03/02/2025 15:27:09 პოლიტიკა
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, – იუწყება "ინტერპრესნიუსი".
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და "ოცნების" პარლამენტში უკვე ინიცირებულია, ასეთი ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
ამავე პროექტით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.
პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფაზე ასე გათვალისწინებულია იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა 3 წლამდე ვადით.
პროექტს "ოცნების" პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.