Accentnews.ge
არქიმანდრიტი დოროთე - საქართველოში კურაევის არშემოშვებაზე: "ჩვენს საზღვრებს რუსეთი აკონტროლებს"

არქიმანდრიტი დოროთე - საქართველოში კურაევის არშემოშვებაზე: "ჩვენს საზღვრებს რუსეთი აკონტროლებს"

03/02/2025 21:56:40 პოლიტიკა

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის შეფასებით, საქართველოში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგისა და ფილოსოფოსის, ანდრეი კურაევის არშემოშვების ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს რუსეთი აკონტროლებს.

ეს განცხადება მან გიორგი თარგამაძის "ფორმულაში" სტუმრობისას გააკეთა.

"ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმას, რომ ჩვენს სახელმწიფო საზღვრებს რუსეთი აკონტროლებს. ვინც მას უპირისპირდება, იმას ჩვენთან როგორ შემოუშვებდნენ, ხომ? არ შემოუშვეს. სხვა მას დანაშაული არ გააჩნია, არავითარი, არც რაიმე საზღვრის გადაკვეთის პრობლემა ექნებოდა, უბრალოდ ის დაპირისპირებულია რუსულ მიმართულებას, რა რეჟიმიც რუსეთშია, ასევე მისი ეკლესიის ქცევებს და ის თავისთავად გამოდის მათი მტერი, ხოლო ვინც რუსეთის მტერია, ის საქართველოში არასასურველი პირია, როგორც ჩანს. მიზეზი ეს იქნებოდა, მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ", - თქვა არქიმანდრიტმა.

ცნობისთვის: ანდრე კურაევი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, ქვეყანაში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვევით ჩამოფრინდა, 5 თებერვალს უნდა ჰქონოდა ლექცია თემაზე "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლო ისტორია - 100 წელი ავტოკეფალიურ განხეთქილებაში", თუმცა საზღვარზე შეაჩერეს და პასპორტი ჩამოართვეს. კურაევს გადასცეს საბუთი, რომლის თანახმადაც, მას 3 წლის მანძილზე საქართველოში შემოსვლა ეკრძალება.

მართლმადიდებელი თეოლოგი ანდრეი კურაევი მოსკოვის საპატრიარქოს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია. 2020 წელს მოსკოვის საეპარქიო სასამართლომ ის "კრიტიკული განცხადებების გამო" სასულიერო ხარისხიდან განკვეთა, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წელს შევიდა, როდესაც მას ხელი მოაწერა რუსეთის პატრიარქმა კირილმა.

ანდრეი კურაევი საჯაროდ აკრიტიკებდა როგორც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ასევე პატრიარქ კირილის პოლიტიკას და მის ურთიერთობას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მან ღიად გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო, 2022 წელს კი უკრაინაში შეჭრის გამო, რის გამოც ის "რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის" დააჯარიმეს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2023 წელს ანდრეი კურაევი "უცხოელი აგენტების სიაში" დაამატა.

ამჟამად ანდრეი კურაევი მსოფლიო საპატრიარქოს ეგიდით მსახურობს, ის პროტოდიაკონია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S