
ზურაბიშვილი: ისეთი შეშინებულები არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი, რასაც საზოგადოება მათზე ფიქრობს
04/02/2025 06:11:09 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება "ქართული ოცნების" მხრიდან დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს მოქმედება შიშზე მეტყველებს. მისი სიტყვებით, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი, რასაც საზოგადოება მათზე ფიქრობს.
"არ ვიცი, არ ვიცი. მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დეფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ “ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია!
თუმცა მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია… რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!!
ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე.
ეხ… რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს… !" - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.
დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ 3 თებერვალს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა პარტიის ოფისიდან. კერძოდ, იგეგმება ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის ზრდა.
რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს „ქართული ოცნება“ აქციების შესაზღუდად