Accentnews.ge
მიხეილ ყაველაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა

მიხეილ ყაველაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა

04/02/2025 09:56:57 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგაზაფხულო სესია "ქართული ოცნების" პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნა.

თავის მოხსენებაში მან "თავსმოხვეულ ხელოვნურ პოლარიზაციაზე" ისაუბრა და ახალგაზრდებს მიმართა, რომლებსაც ყაველაშვილის თქმით, "სამწუხაროდ, ამ პროცესში აქტიურად იყენებენ".

„რაც შეეხება თავსმოხვეულ ხელოვნურ პოლარიზაციას, სამწუხაროდ, ამ პროცესში აქტიურად იყენებენ არაერთ გულწრფელ და გულანთებულ ახალგაზრდას. კარგად მახსოვს ჩემი თავი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვიცი რამდენად მოჭარბებულია ემოციები ამ პერიოდში, რამდენად იმპულსური, მეამბოხე და ფეთქებადი ხარ, როგორი მძაფრია შეფასებები და განწყობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ მსგავს ემოციებზე თამაშობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. ჩემთვის წარმოუდგენელია, არსებობდეს ქართველი ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას, ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას. თუკი არსებობს ასეთი ადამიანი, ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ ქართველები განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები. ჩვენ გვაქვს ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია, ერთი სამშობლო, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება. თუკი ჩვენ ეს ყველაფერი გვაერთიანებს, როგორ შეიძლება სხვა დანარჩენ საკითხებში, განსხვავებული შეხედულებების გამო, უარი ვთქვათ ერთმანეთზე და ერთმანეთთან საუბარზე. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი აუცილებლად უშვებს, რომ სადღაც შეიძლება ცდებოდეს. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომის და ნახვა და აღიარება და სიმართლისთვის თვალის გასწორება. ჩვენ განსხვავებულობის მიუხედავად, მოგვიწევს გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ამიტომ უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზეს საკუთარ თავში, მოვახერხოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მან კვლავ გაიმეორა "ქართული ოცნების" ნარატივი, რევოლუციის მოწყობის მცდელობებზე, რომლის შესახებაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც დროდადრო ავრცელებს განცხადებებს, დაწყებული გამოძიების შესახებ, თუმცა აქამდე კონკრეტული შედეგის გამოუქვეყნებლად.

ყაველაშვილმა, მათ შორის დეოკუპაციის საკითხზე, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით „ტრამპის გამარჯვების შემდეგ დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში“.

დიალოგის აუცილებლობაზე საუბრის პარალელურად, „ქართული ოცნების“ პარლამენტი გეგმავს, დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა გაამკაცროს. კერძოდ, გაზარდოს ჯარიმები და პატიმრობის ვადა. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება, ათეულობით საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა.

სხდომა, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა, ნახევარი საათის განმავლობაშიც არ გაგრძელებულა. ის ყაველაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე დასრულდა.

რეგლამენტის თანახმად, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის გარდა, საპარლამენტო ტრიბუნით სარგებლობის უფლება პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ ხელმძღვანელსაც ჰქონდა, თუმცა ყაველაშვილის მოხსენების შემდეგ სიტყვით არავინ გამოსულა.

სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა „ოცნების“ დეპუტატები შეძახილებით გააცილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S