
IDS ბორჯომი: შევამოწმეთ ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში, დარღვევა არ დაფიქსირებულა
04/02/2025 11:27:31 საზოგადოება
კომპანია IDS ბორჯომი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, წყალი "ბაკურიანის" პროდუქტის მიღების შედეგად მცირეწლოვანის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
კომპანიის თქმით, მათი მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა როგორც კონკრეტულ მაღაზიაში (კომპანიის ინფორმაციით, სადაც მოხდა აღნიშნული პროდუქტის შეძენა) არსებული, ასევე ცალკეულად ყველა პარტიის ნიმუში, რის შედეგადაც დარღვევა არ გამოვლენილა.
"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაკურიანი ციდას" ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია.
გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.
პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას". - წერია კომპანია IDS ბორჯომის განცხადებაში.