ლავროვი - ქართველ ჟურნალისტებს: “ავადმყოფები ხართ, გოგოებო” (ვიდეო)

25-02-2020 15:42:57 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

“ავადმყოფები ხართ, გოგოებო”, - განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებს და უპასუხოდ დატოვა მათი კითხვა ევროსაბჭოს თბილისში დაგეგმილ მინისტერიალში მისი მონაწილეობის თაობაზე.

ამასთან, სად ჩატარდება მინისტერიალი, ასევე უცნობი რჩება, რადგან შესაბამისი კითხვა დღეს უპასუხოდ დატოვა საქართველოს საგარეო სამქეტა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც. სავარაუდოდ, ეს ხვალ, 26 თებერვალს გახდება ცნობილი.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის ლავროვი და ზალკალიანი შვეიცარიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიას ესწრებიან.

ცნობისთვის: ევროსაბჭოს მინისტერიალი საქართველოს დედაქალაქში მაისში უნდა ჩატარდეს. ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი გამონაკლისს დაუშვებს "ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ" კანონის დამრღვევი რუსეთის მოქალაქეებისათვის და ისინი მაისში თბილისში დაუბრკოლებლად ჩამოსვლას შეძლებენ. თუმცა მეორე დღეს განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის თქმით, „რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული“. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია ლავროვის დილემის გამო მაისისთვის დაგეგმილი სხდომის თბილისიდან სტრასბურგში შესაძლო გადატანის თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები