Accentnews.ge
"დარღვეულია დაცვის უფლება" - ადვოკატები ამბობენ, რომ არ აძლევენ დაცვის ქვეშ მყოფებთან შეხვედრის შესაძლებლობას

"დარღვეულია დაცვის უფლება" - ადვოკატები ამბობენ, რომ არ აძლევენ დაცვის ქვეშ მყოფებთან შეხვედრის შესაძლებლობას

04/02/2025 14:25:25 საზოგადოება

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე აცხადებს, რომ მას და მის კოლეგებს არ ეძლევათ "თბილისი მოლთან" დაკავებულ პირებთან შეხვედრის შესაძლებლობა, არ იციან მათი ადგილსამყოფელი.

“ადვოკატები ვერ ვახერხებთ ჩვენ დაცვის ქვეშ მყოფებთან შეხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მათგანი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრალის წარდგენას ადვოკატი უნდა ესწრებოდეს. ადვოკატებმა არ იციან ბრალის წარდგენა როდის მოხდა. გაურკვევლობაში ვართ. ზოგზე გვეუბნებიან, რომ სასამართლო პროცესზეა გადმოყვანილი, აქ კი ჯერ არავინ არის გადმოყვანილი.

ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევით არის დაკავებული, მოვიკითხე კანცელარიაში და არ არიან გადმოყვანილები.

ადვოკატებს შესაძლებლობა არ გვეძლევა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები მოვინახულოთ, გავარკვიოთ მათი ადგილსამყოფელი, რაში ედებათ ბრალი. ეს არის სრულიად აბსურდული პროცესები. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები შეაშინონ და მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლა აუკრძალონ”, - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება - ადვოკატები საათობით ელიან სასამართლოში დაცვის ქვეშ მყოფებს, რომ მოულოდნელად არ მოხდეს საქმის შეტანა და ისე არ გამოცხადდეს სასამართლო, რომ თავად ადგილზე არ იყვნენ. ის ვასილ ელიავასა და ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესებს იცავს.

ნესტან ლონდარიძის თქმით, ისე ხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომ არ ატყობინებენ ადვოკატებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაკავების დროს მათ მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და ფიზიკური ძალის გამოყენება. ტრანსპორტირების დროსაც, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში მოხდა მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება. დღეს ჩვენ ველოდებოდით, რომ ადმინისტრაციული წესით მოხდებოდა მათი სასამართლოში გადმოყვანა, ვიგებთ მოულოდნელად, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება იწყება. რა თქმა უნდა, მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება, რადგან ჩემი ორდერი იდო საქმეში და მინიმუმ ჩემთან დაკავშირება მაინც შეეძლოთ, როდესაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაჰყავდათ. ჩემთან არანაირი შეტყობინება ამასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, რა გარემოება და რა ხორციელდება მათ მიმართ. აუცილებლად გავარკვევთ სად არიან ამჟამად ეს პირები და რა საგამოძიებო მოქმედებები იგეგმება მათ მიმართ.

მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება, ადვოკატები საათობით ვყარაულობთ სასამართლოში, რომ მოულოდნელად არ მოხდეს საქმის შემოტანა და ისე არ გამოცხადდეს სასამართლო, რომ არ ვიყოთ ადგილზე. არ გვატყობინებენ ადვოკატებს და ისე ხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. რა თქმა უნდა ეს ხდება კანონმდებლობის სრული დარღვევით“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

არსებული ინფორმაციით, "თბილისი მოლთან" და მსვლელობისას 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დღეს შსს-მ განაცხადა, რომ 8 პირი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S