
იანუკოვიჩის ვაჟს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან ნახშირის ექსპორტის მრავალმილიარდიანი ბიზნესი აღმოუჩინეს
04/02/2025 14:53:01 მსოფლიო
უკრაინიდან გაქცეული ექს-პრეზიდენტის ვაჟს - ალექსნადრე იანუკოვიჩს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული დონბასიდან ნახშირის ექსპორტის მრავალმილიარდიანი ბიზნესი აღმოუჩინეს.
გამოცემა «Важные истории»-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების თანახმად, დონის როსტოვის გარეუბანში რეგისტრირებულმა კომპანია «Энергоресурс»-მა მარტო 2023-2024 წლებში რუსეთიდან თითქმის ნახევარი მილიონი ტონა ნახშირის ექსპორტი განახორციელა და ყველაზე მოკრძალებული გათვლით, 3,5 მლრდ რუბლი მიიღო, მისი მიმწოდებლები კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული კომპანიები არიან, მათ შორის - «Торговый дом „Донские угли“», «РТК „Востокуголь“», шахты «Комсомолец Донбасса», «Ждановская», «Импэкс-Дон» და სხვები.
«Энергоресурс»-ი იანუკოვიჩი-უმცროსის ახლობლებზე - ალექსეი ივანოვსა და პაველ ზემლიაკოვზეა გაფორმებული. 2023 წელს კომპანიამ 7 მლნ დოკლარის ოდენობის სესხი მიიღო სიმბოლურ 1%-ად კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია Sl holdings limited-ისგან, რომელიც ასევე იანუკოვიჩი-უმცროსის გარემოცვის წევრებზეა გაფორმებული.
ირკვევა, რომ დონეცკის ოკუპირებული რეგიონიდან გამოტანილი ნახშირი სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით თურქეთში გადის «Энергоресурс»-ის ოფშორის - Energy Union-ის მეშვეობით, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. კომპანია 1 ტონა ნახშირში საშუალოდ 5,7 ათას რუბლს იღებს. ესოდენ დაბალი ფასი მას საექსპორტო გადასახადებზე ეკონომიის შესაძლებლობას აძლევს. შემდეგ Energy Union-ს შეუძლია, მიღებული ნახშირი ნებისმიერ სასურველ ფასად ნებისმიერი მიმართულებით გაყიდოს.
გასულ წელს უკრაინის გაქცეული ექს-პრეზიდენტის 51 წლის ვაჟმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. მას რუსეთში კიდევ რამდენიმე კომპანია ეკუთვნის არაერთ აგარაკთან, ბინასთან, სხვა ქონებასთან ერთად.
ევრომაიდნამდე იანუკოვიჩი-უმცროსი ბიზნეს-საქმიანობას უკრაინაში აწარმოებდა და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების სიაში შედიოდა 510 მლნ დოლარიანი ქონებით. უკრაინა მან მამასთან ერთად 2014 წლის ცნობილი მოვლენების შედეგად დატოვა. კიევში მის წინააღმდეგ სისცლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. მამა-შვილი ძებნაშია გამოცხადებული.