04-02-2025 20:14:38 საზოგადოება
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა თსუ-ის სტუდენტს ნიკოლოზ კუტუბიძეს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ მზადაა, მას თავდებშიც ჩაუდგეს.
„ჩვენი ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტს ნიკოლოზ კუტუბიძეს, რომელიც გუშინწინ აიყვანეს, სისხლის სამართლის დანაშაულში დებენ ბრალს. მე არ მისწავლებია ნიკოლოზისთვის, თუმცა ვისაც კი მასთან კონტაქტი ჰქონია, ყველა ერთხმად, უაღრესად წესიერ, წყნარ, ზრდილობიან სტუდენტად ახასიათებს. პირადად მე, მზად ვარ თავდებშიც ჩავუდგე , რადგან ნიკოლოზი უნდა იყოს გარეთ და სწავლა განაგრძოს! ჩემი სოლიდარობა ნიკოლოზს!“,- წერს დუნდუა სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზ კუტუბიძე ერთ-ერთია იმ 8 ადამიანიდან, რომლებიც 2 თებერვალს თბილისი მოლთან აქციაზე დააკავეს და შსს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. ამ მუხლით მათ 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.