"ძლიერი საქართველო": ქვეყანაში პოლიციური დიქტატურა დამყარდა, სწორი პასუხია ერთიანობა!

04-02-2025 20:26:37 პოლიტიკა

კოალიცია "ძლიერი საქართველო" 2 თებერვალს თბილისი მოლთან გამართული აქციის 8 მონაწილის სისხლის სამართლის წესით დაკავების შესახებ განცხადებას აკეთებს.

მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში საპოლიციო დიქტატურა დაამყარა, რომელსაც ერთობა უნდა დაუპირისპირდეს.

"ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლიციური დიქტატურა დამყარდა ქვეყანაში, ერთადერთი სწორი პასუხი არის პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოების ყველა სფეროს ერთიანობა და ერთიანი უწყვეტი წინააღმდეგობის გაწევა ამ უკანონო, არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობაზე, რომ დააშინოს ქართველი ხალხი, რომ ამ რეპრესიებით შეაჩეროს სამართლიანი პროტესტი, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები უწყვეტად გამოხატავენ რუსთაველზე და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ეს გამოიწვევს პირიქით რეაქციას.

ამან პირიქით საზოგადოების კონსოლიდირებას უნდა შეუწყოს ხელი. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეჟიმის მიერ ადამიანების დაშინებას უნდა მოჰყვეს საზოგადოების გამთლიანება პასუხად და ჩვენ ძლიერი საქართველო ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ეს ერთიანობა იყოს ურყევი და იმისათვის, რომ ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნები აუცილებლად აღსრულდეს". - თქვა ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები