Accentnews.ge
სირიის ახალმა ხელისუფლებამ თურქეთს ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზების თურქულით ჩანაცვლება შესთავაზა

სირიის ახალმა ხელისუფლებამ თურქეთს ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზების თურქულით ჩანაცვლება შესთავაზა

04/02/2025 20:38:49 მსოფლიო

სირიის გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელმა აჰმედ აშ-შარაამ და თურქეთის პრეზუდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განიხილეს სამხედრო პაქტი, რომლის ფარგლებშიც ანკარას თურქეთის სამხრეთ მეზობელ სახელმწიფოში საკუთარი სამხედრო ბაზების განთავსება შეეძლება, - იუწყება Reuters-ი სირიის სპეცსამსახურებში ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.

საუბარია ორ თურქულ სამხედრო ბაზაზე სირიის აღმოსავლეთში მდებარე უდაბურ რაიონ ბადიაში.

ცოტა ხნის წინ თურქული გამოცემა Türkiye წერდა, რომ ანკარა ხსენებულ რაიონში F-16 ტიპის 50 გამანადგურებლის განთავსებას გეგმავს.

გარდა ამისა, Reuters-ის წყაროების მონაცემებით, თურქეთი მიიღებს სირიის თანხმობას ქვეყნის საჰაერო სივრცის სამხედრო მიზნით გამოყენებაზე და გარე საფრთხეების წარმოქმნის შემთხვევებისთვის სირიის დახმარების ვალდებულებას იკისრებს.

ამასთანავე, როგორც სააგენტოს გარდამავალი მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, აშ-შარაა ანკარასთან თურქების მიერ ახალი სირიული არმიის მომზადების საკითხისა (როგორც ცნობილია, უწინდელი ჯარი დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის რუსეთში გაქცევის შემდეგ დაშალეს) და "რიგ ახალ სფეროებში თანამშრომლობის" განხილვას გეგმავს.

ერდოღანის ადმინისტრაციაში ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ცნობისთვის: ნატო-ს წევრ თურქეთს უკვე გააჩნია ორი სამხედრო ბაზა სირიის ტერიტორიაზე - პროვინცია ალეპოსა და იდლიბში. სირიაში თურქული სამხედრო წარმოდგენილობის შესაძლო ზრდის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ დაითანხმა გარდამავალი მთავრობა სირიაში რუსული ბაზების შენარჩუნებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, აშ-შარაას წარმომადგენლებმა კრემლს "ნდობის აღსადგენად" ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვეს.

სირიაში ხელისუფლება გასული წლის დეკემბერში შეიცვალა. კრემლის მიერ წლების განმავლობაში მხარდაჭერილი ბაშარ ალ-ასადი რუსეთში ოჯახთან ერთად გაიქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S