ევროპის საბჭო პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის ჩამოყალიბების სამართლებრივ საფუძვლებზე შეთანხმდა

05-02-2025 01:50:49 ევროპა

ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად სამართლებრივი საფუძვლები შეათანხმა. შექმნის შემთხვევაში ეს ტრიბუნალი დამოუკიდებელი იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან, - იუწყება BBC-ს რუსული სამსახური.

აგრესიის დანაშაული საერთაშორისო სამართალდარღვევათა ცალკეული კატეგორიაა, რომელიც სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის გაჩაღებაში მდგომარეობს. სამხედრო და ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულებისგან განსხვავებით, რომელთა გამოც პასუხისმგებლობა შეიძლება, როგორც კონფლიქტის რიგით მონაწილეებს, ისე მხარეთა მეთაურებს დაეკისროთ, აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებლობა შესაბამისი ქვეყნის უშუალოდ უმაღლეს ხელმძღვანელობას ეკისრება, რომელმაც სხვა ქვეყანაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.

ამგვარად, ტრიბუნალის დაფუძნების შემთხვევაში მისი სამიზნე უპირველესად პრეზიდენტი პუტინი გახდება.

"მცირედი ეჭვიც კი არ მეპარება იმაში, რომ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმითა და მისი სუვერენიტეტის ხელყოფით აგრესიის დანაშაული ჩაიდინა - თავად ის ამაზე სრულიად ღიად საუბრობდა" - განუცხადა გერმანულ "დოიჩე ველეს" ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.

ევროკომისკიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის "უუხეშეს დარღვევას": "როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა, გაერო-ს წესდების დარღვევით ტანკებით გადაეკვეთა უკრაინის საზღვარი, მან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე - აგრესიის დანაშაული ჩაიდინა. სამართალი გზაშია - სამართალი უკრაინისთვის".

ტრიბუნალის ჩამოსაყალიბებლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც 41 ქვეყანას აერთიანებს, უკვე 13 შეხვედრა გამართა. მე-14 - ფინალური შეხვედრა აპრილისთვისაა დაგეგმილი. მასზე სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბების შესახებ დოკუმენტის გაფორმება იგეგმება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები