
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის $90 მლნ-იანი ხიდის მშენებლობა მიანდეს უცნობ რუსულ კომპანიას, რომელსაც სულ 4 თანამშრომელი ჰყავს
04/02/2025 23:59:28 მსოფლიო
პუტინის მთავრობამ რუსეთის პრიმორსკის ოლქის ჩრდილოეთ კორეასთან დამაკავშირებელი სტრატეგიული ხიდის მშენებლობა მიანდო სოჭში რეგისტრირებულ უცნობ კომპანიას - შპს «ТоннельЮжСтрой»-ს, რომელსაც, როგორც ირკვევა, დღემდე არც ერთ სფეროში არც ერთი პროექტი არ აქვს განხორციელებული და გასული წლის ბოლოს მდგომარეობით, მხოლოდ 4 თანამშრომელი ჰყავდა.
მდინარე ტუმანნაიაზე ასაშენებელი ხიდის პროექტირება-აგებისთვის 2014 წელს დაფუძნებულ ამ უცნაურ კომპანიას $90 მლნ გამოეყოფა.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ფირმას შეუძლია, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სუბკონტრაქტორებიც მიიზიდოს, თუმცა სამუშაოების 60% თავად უნდა განახორციელოს და პროექტი არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა დაასრულოს.
რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს განიხილებოდა, თუმცა მაშინ მის რეალიზებას კოვიდის პანდემიამ შეუშალა ხელი. პროექტი სამუშაო მაგიდაზე 2024 წლის თებერვალში, მას შემდეგ დაბრუნდა, რაც კიმ ჩენ ინმა ორმხრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის განვითარება მოისურვა. საბოლოოდ მხარეები პროექტის განხორციელებაზე 2024 წლის ზაფხულში, ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტის დროს შეთანხმდნენ.